ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვეს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვეს

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ანგარიში და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა,  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.

მერის გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კითხვის დასმისას მერია გააკრიტიკეს და რამდენიმე მათგანმა კახა კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კითხვა საპრეზიდენტოს არჩევნებთან დაკავშირებით დაუსვა – „რატომ გააყალბეთ არჩევნები“.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მერს კითხვები დაუსვეს უფასო სასადილოების დაფინანსების,  ტაქსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ღამის ეკონომიკის, იტალიური კომპანიების ტენდერებში გამარჯვებისა და სხვა საკითხებზე.

დარბაზიდან გასვლამდე კი, კითხვა კახა კალაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დაუსვა. საკრებულოს დეპუტატმა მერს ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა და ონში მომხდარი დაპირიპირებისას დაშავებული „ნოდარ ბურდილაძე ახლაც სიკვდილს ებრძვის“. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.