კახა კალაძე - მზად ვიყავით, ე.წ. რიყის დოქები ბიზნესისთვის საინვესტიციო ვალდებულებით ერთ ლარად გადაგვეცა, თუმცა არავინ დაინტერესდა
კახა კალაძე - მზად ვიყავით, ე.წ. რიყის დოქები ბიზნესისთვის საინვესტიციო ვალდებულებით ერთ ლარად გადაგვეცა, თუმცა არავინ დაინტერესდა

მზად ვიყავით, ე.წ. რიყის დოქები ბიზნესსექტორისთვის საინვესტიციო ვალდებულებით ერთ ლარად გადაგვეცა, თუმცა არავინ დაინტერესებულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ობიექტი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, რთულია წინასწარ თქმა, შესაძლებელია თუ არა მისი პრივატიზება 95 მლნ ლარად, რადგან ობიექტზე ასევე რამდენიმე მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი.

„ჩვენ ბიზნესსექტორთან არაერთი მოლაპარაკება გვქონდა. მზად ვიყავით, ერთ ლარად გადაგვეცა საინვესტიციო ვალდებულებით, რომ მოეწესრიგებინათ და ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, თუმცა არავინ დაინტერესდა. დღეს უკვე ოფიციალურად არის გამოტანილი, რომ გაიყიდოს. თუმცა, არ ვიცი, ეს რამდენად რეალური იქნება, ადამიანები რამდენად გადაიხდიან და რამდენზეა საუბარი, 95 მილიონზე, მაშინ როდესაც დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელია, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. ეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თუ პრივატიზება ვერ მოხდა, უნდა მოიძებნოს თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად.

„უნდა გამოიძებნოს დამატებითი თანხები, თუ გასხვისება ვერ მოხდა, შეიძლება, გადაწყდეს, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ. ვიმსჯელებთ, ჯერ დაველოდოთ გაიყიდება თუ არა. ძალიან კარგი იქნება თუ ეს მოხდა და მიეცა რამე დატვირთვა ამ კონკრეტულ ადგილს. თუ ვერა, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, თუ როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება. საწყისი ფასი 95 მლნ ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი