ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 95 მლნ ლარია
ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 95 მლნ ლარია

თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზებო ნუსხაში ე.წ. რიყის დოქები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიტანა.

„ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავის დროზე, საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ფუნქცია, არადა ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, შევეცადოთ, გამჭვირვალე პრივატიზების გზით ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ობიექტი 95 მლნ ლარად შეფასდა.

„ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ, დავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. შევხედოთ, რამდენად ობიექტურია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განმარტა, რომ ობიექტი შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ის იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესჯგუფები დაინტერესდებიან.

„ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან თანამშრომლობით ამ ობიექტს სწორი გამოყენება მოვუძებნოთ. სანამ არ გაიმართება აუქციონი, გვიჭირს თქმა, რამდენად ობიექტურია ეს ფასი, რამდენად რელევანტურია ბიზნესის დღევანდელი მოთხოვნების მიმართ. ეს გამოვლინდება აუქციონის დასრულების შემდეგ. იმედი გვაქვს, გამოჩნდებიან დაინტერესებული ბიზნესჯგუფები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც თურნავა ამბობს, აქცენტი გამახვილდება ე.წ. რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ განვითარებაზე.

„ჩვენ გვინდა, ამაზე თავად ბიზნესმა იმსჯელოს. არ ვკარნახობთ ბიზნესს წინასწარ, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს. ეს არის საკმაოდ მიმზიდველი ადგილმდებარეობა. 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნებისმიერი ობიექტი შეიძლება განთავსდეს. არსებობს თბილისის განაშენიანების გენგეგმა, რომელიც ამ ადგილზე გარკვეული ტიპის მშენებლობებს ზღუდავს. შესაბამისად, აქცენტი გამახვილდება ე.წ. რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ე.წ. რიყის დოქები 15 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა განთავსებული.

„რიყის დოქების“ მშენებლობაზე, რომელიც 2012 წელს დასრულდა, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.