კახა კალაძე - მეტრო არ გაჩერდება 
კახა კალაძე - მეტრო არ გაჩერდება 

მეტრო იმუშავებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტრო არ გაჩერდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილის განცხადებას გამოეხმურა და აღნიშნა, რომ მეტროს მემანქანეებს მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ.

„ამ ადამიანების მხრიდან არის მოთხოვნა ხელფასების გაზრდაზე, ჩვენ ავუხსენით არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. 1300 ლარი, 1400 ლარი, ეს შეიძლება არ იყოს დიდი ხელფასი, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იღებენ 700 ლარს, 800 ლარს, 400 ლარს. ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს მიდგომები. უცებ, ადამიანების რამოდენიმე კაციანი ჯგუფი გამოდის და ითხოვს ხელფასების მატებას. არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტროს გაჩერება არ მოხდეს. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც შესაძლებლობები გაიზრდება, ხელფასები გაიზრდება ყველა მიმართულებით.

„არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს შეუძლებელია, რაიმე თანხების მატებაზე საუბარი “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მემანქანეების ნაწილმა დღეს განაცხადეს, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს.