კახა კალაძე - ლერმონტოვის ქუჩაზე დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მათ დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ
კახა კალაძე - ლერმონტოვის ქუჩაზე დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მათ დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული პირების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ობიექტზე მოხდა შემთხვევა, რომლისგანაც დაცული არავინაა.

„ეს არის ის კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად არის დაცული მუშების უსაფრთხოება. ასევე ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული და რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაცული. ეს არის ის კომპანიები, რომლებიც ძველი თბილისის რეაბილიტაციას ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სამუშაოს უსაფრთხოება როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, არის უმნიშვნელოვანესი. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ყველაფერი ხდება, დაზღვეული არავინ არ არის. რაც არ უნდა, უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. თუმცა მინდა ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დავეხმარებით მათ და მათ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სულ სამი მუშა დაშავდა. აქედან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის განცხადებით, ფონდის დაკვეთით, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ინსი“ ახორციელებდა.

დატოვე კომენტარი