კახა კალაძე - გლდანის მსგავსად, საფეხბურთო ცენტრი ყველა უბანში გვინდა აშენდეს
კახა კალაძე - გლდანის მსგავსად, საფეხბურთო ცენტრი ყველა უბანში გვინდა აშენდეს
„ფეხბურთის ფედერაცია მთელი ქალაქის მასშტაბით წამოწყებულ ამ პროექტს მიესალმება. ჩვენი ჩართულობა იმაში გამოიხატება, რომ გადავცემთ მიწას და სფფ იღებს ვალდებულებას, რომ სპორტული საფეხბურთო ცენტრები განავითაროს“ – ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის მე-7 მკ/რ-ში, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
თბილისის მერი ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად ესწრებოდა და საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩააგდო.
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისის კიდევ რამდენიმე რაიონში იგეგმება.
„საფეხბურთო ცენტრების მოწყობა წლის ბოლომდე ვარკეთილშიც დასრულდება. შემდეგი პროექტი ნუცუბიძეზე განხორციელდება. საერთოდ, სადაც მსგავსი სივრცეები იქნება, გვსურს, რომ სპორტისთვის მაქსიმალურად ავითვისოთ და ანალოგიური ცენტრები თბილისის ყველა რაიონში ავაშენოთ“.
პროექტის მიხედვით, გლდანის საფეხბურთო ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა (102X68), იქნება ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა და 250-ლუქსიანი განათების სისტემა დამონტაჟდება. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება და საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები სრულიად უსასყიდლოდ ივარჯიშებენ.