კახა კალაძე - ფეიკნიუსების მთავარი იდეოლოგები „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები არიან
კახა კალაძე - ფეიკნიუსების მთავარი იდეოლოგები „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები არიან

ფეიკნიუსების მთავარი იდეოლოგები ვიცით, რომელი პარტიაა, მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად შესაძლებელია, ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ.

„არ ვიცი, არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ ექაუნთებთან. საერთოდ არ ვიცი, რა ექაუნთებზეა საუბარი, არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ ქალაქზე. ყოველდღიური შეხვედრა მაქვს დედაქალაქის მოსახლეობასთან და აი, ეს არის მთავარი.

ზოგადად, ფეიკნიუსთან დაკავშირებით, ამის მთავარი იდეოლოგები ვიცით, რომელი პარტიაა და მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები. რა თქმა უნდა, თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია და მოხერხდება, ვფიქრობ ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები იყო განხორციელებული და შეგვიძლია, გადმოვიტანოთ საუკეთესი მაგალითი, რომ ჩვენთანაც იყოს ეს მიდგომა ფეიკნიუსებთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არიან, დაიწყონ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ.