კახა კალაძე - ფაქტია, რომ ბოლო წლებში თბილისში, სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობები დაიწყეს მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში ან სხვის სახელზე უფიქსირდებათ ქონება
კახა კალაძე - ფაქტია, რომ ბოლო წლებში თბილისში, სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობები დაიწყეს მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში ან სხვის სახელზე უფიქსირდებათ ქონება

კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში ჩემი მერობის პირობებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მერმა ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდამრღვევის 12 ფაქტი იყო გამოვლენილი.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, დღეს, სამგორის რაიონში, დატაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე მშენებლობის დემონტაჟი დაიწყო. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, დატაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდამრღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ყველაფერს იმას, რაზეც დგას სახელმწიფო. რომ არა კანონისადმი პატივისცემა დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა სახლის უკანონოდ აშენებას და თქმას, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ, არც ერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას.

კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში ჩემი მერობის პირობებში“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში, სახელმწიფო მიწებზე.

„ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით ვერ გაგრძელდება. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ“, – განაცხადა მერმა.

მისი თქმით, თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.

„ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება – მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონით დასჯადი, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს. ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული, ადამიანმა 200-300 ლარი რომ მიითვისოს უკანონოდ. ამავე დროს სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით, შვიდ მილიონ ლარს. ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია, გაგვყავს ქირით და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ასევე, ხაზი მინდა, გავუსვა იმ გადაწყვეტილებას, რომ 350 მილიონი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი ზუსტად სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი, არსებული სოციალური მდგომარეობა პანდემიის პირობებში, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არც ერთი ადამიანი პრობლემების პირისპირ არ დავტოვოთ, ყველას დავეხმარებით, ყველას გვერდით დავუდგებით, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, ხმაური და დაპირისპირება იყო.

როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია.