კახა კალაძე - ელიავას ბაზრობის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და გადატანის შემთხვევაში, მეპატრონეების თანხმობა იქნება საჭირო
კახა კალაძე - ელიავას ბაზრობის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და გადატანის შემთხვევაში, მეპატრონეების თანხმობა იქნება საჭირო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულებისთვის ჯერ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა და მათთან შეხვედრა იგეგმება.

როგორც კახა კალაძემ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული კითხის პასუხად აღნიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კონკრეტიკას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, გენგეგმაში წერია, რომ უნდა განისაზღვროს, როგორ და ფორმით უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება.

კალაძის განცხადებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

„ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ინფორმაციას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას და შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას. ელიავას ბაზრობის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბრდავს ამას. ჩვენ მეპატრონეებს შევხვდებით. აქ ორი მიმართულებაა – თუ მოხდება ბაზრობის გადატანა, რა თქმა უნდა, მათი თანხმობა უნდა იყოს, რადგან ეს კერძო საკუთრებაა. ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ახალი ტერიტორია, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება; იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, უნდა შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ და არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენილი. ეს პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ზოგადად ქალაქისთვის. გენერალური გეგმა ვერ იტყოდა კონკრეტიკას, ის ზოგადი დოკუმენტია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობა, მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს დეგრადირებას იწვევს.

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს გადაეგზავნა.