კახა კალაძე - ჩემთვის ორი გაურკვეველი ადამიანის ჩანაწერი არ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირს დანაშაული აქვს 
კახა კალაძე - ჩემთვის ორი გაურკვეველი ადამიანის ჩანაწერი არ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირს დანაშაული აქვს 

ვთქვათ, ამ საუბრის ავთენტურობა დადასტურდა, რა მერე, ჩვენ რომ სხვა ღირებულებები გვქონოდა დღეს „ქართულ ოცნებაში“ არ ვიქნებოდით და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგევართ, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რომან კაკულიას განცხადებაზე, რომელმაც „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ჩვენი ღირებულებები გაცხადებულია. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. თითოეული ჩვენგანის ამოსავალი არის ადამიანი და ადამიანების კეთილდღეობა. ახლა უნდა ვისაუბროთ მომავალზე, უნდა ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებიც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, იმ პროექტებზე, რაც ქალაქში ხორციელდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალები, ტელევიზიები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ნგრევაში წარმოაჩინონ.

„არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ არასწორი ინფორმაციები მიაწოდონ მოსახლეობას. ჩემთვის ორი გაურკვეველი ადამიანის ჩანაწერი არაფერს არ ნიშნავს და არ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირს დანაშაული აქვს. თუ რაიმე კითხვები არსებობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ჩანაწერებში, რა თქმა უნდა, ავთენტურობაც უნდა დადასტურდეს, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს და პასუხიც უნდა მოეთხოვოს თითოეულ მათგანს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია. „ნამდვილად არ მინდა, ვიყო გუნდის წევრი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ასეთი ტიპის საქმიანობებთან. ეს ყველაფერი თუ გამოაშკარავდება და გახდება რეალობა, მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებასაც”, – განაცხადა რომან კაკულიამ.