კახა კალაძე - ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკა ძირითადად გაკოტრებული პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ
კახა კალაძე - ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკა ძირითადად გაკოტრებული პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ

თბილისის მერის კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, გაუგებარს უწოდებს.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კრიტიკა ძირითადად, „გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან“ ისმოდა.

„გუშინ მართლაც საოცარი დღე იყო. ოპონენტები, მთელი შემადგენლობით – ოჯახის წევრებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, ჩართული იყვნენ იმაში, რომ როგორმე გაეკრიტიკებინათ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედება. გაუგებარია ეს ქმედებები და ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცდება. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მარტო ბრაზილიის პრობლემა არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამაზონის ტყე არის დედამიწის ფილტვები და ცუდი რა არის იმაში, რომ ჩვენ, ქართველებს პატარა წვლილი შეგვაქვს ხანძრის ლიკვიდაციაში?! თან საუბარია იმ ადამიანზე, რომლის ოჯახს უამრავი ქველმოქმედება აქვს საქართველოში განხორციელებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. არ დავიწყებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების სახით განხორციელდა. თუმცა რამ ცხადია – ამ ტიპის განცხადებებს, ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსები აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკოსების მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და მოვლენებს სწორად აღიქვამს.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.