კახა კალაძე - ადგილობრივ ოფისს, რომელიც NDI-ს კვლევებს ატარებს, ყველანაირი რეპუტაცია დაკარგული აქვს
კახა კალაძე - ადგილობრივ ოფისს, რომელიც NDI-ს კვლევებს ატარებს, ყველანაირი რეპუტაცია დაკარგული აქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ადგილობრივ ოფისს, რომელიც NDI-ს კვლევებს ატარებს, რეპუტაცია დაკარგული აქვს.

კალაძე კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.

NDI-სთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომები იცით. მოყოლებული 2012 წლიდან, ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. შესაბამისად, თავს შევიკავებდი კიდევ რამე დამატებითი კომენტარები გავაკეთო.

არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რა პოზიციასაც ვაფიქსირებდით, არ არის საინტერესო უკვე. კონკრეტულად ქართული კომპანია, ვინც აკეთებს კვლევებს, ჩვენ მათ შედეგებს არ ვეთანხმებით“, – განაცხადა კალაძემ.

2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი დღეს „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ წარადგინეს. გამოკითხვა  ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით „CRRC-საქართველოს“ მიერ.  გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

ამასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით თბილისის მერის კახი კალაძის საქმიანობას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ ძალიან კარგად, 31%  – საშუალოდ, 7%  – ცუდად, ხოლო 5%  – ძალიან ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.