კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისთვის ყველა მოხალისეს, ყველა ახალგაზრდასა და ადამიანს უღრმეს მადლობას ვუხდი  
კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისთვის ყველა მოხალისეს, ყველა ახალგაზრდასა და ადამიანს უღრმეს მადლობას ვუხდი  

თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ახალგაზრდასა და მოხალისეს, რომლებმაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდგომ სოლიდარობა და თანადგომა გამოიჩინეს.

კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ამ დღეს დაღუპულთა მემორიალთან ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

„ხუთი წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ის ღამე, პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსური ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ. ყველაფერი იყო ჩაბნელებული, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ცხოველების ღმუილი, უმძიმესი სიტუაცია იყო, ძალიან მძიმე, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული – გარდაცვლილი ადამიანები, რომლის სიცოცხლის დაბრუნებას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც მან აღნიშნა, სტიქიის მომდევნო დღეებში ახალგაზრდების ჯგუფმა უდიდესი სოლიდარობა გამოიჩინა.

„რაც შეეხება მეორე-მესამე დღეს, რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით ხდებოდა სამუშაოების წარმოება, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ყველა მოხალისეს, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, კიდევ ერთხელ მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სოლიდარობის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდგომ გამოიჩინეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.