კახა კახიშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტულია გავიგოთ, რამდენი სტუმარი იქნება ინაუგურაციაზე, რომ მათ ღირსეულად დავხვდეთ
ჩვენთვის პრიორიტეტულია გავიგოთ, რამდენი სტუმარი იქნება ინაუგურაციაზე, რომ მათ ღირსეულად დავხვდეთ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა კომისიის დღევანელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს იყო მეორე სამუშაო შეხვედრა. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე გაემგზავრნენ და გაეცნენ ვითარებას. დღეს იყო სცენარის და მონაწილეების განხილვა. ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან დასტურს უცხოელი პარტნიორების წარმომადგენლებიდან, ვინ დაესწრება ინაუგურაციას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია გავიგოთ, თუ რამდენი სტუმარი იქნება, რომ მათ ღირსეულად დავხვდეთ. ბიუჯეტი ჯერ არ არის განსაზღვრული და განისაზღვრება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა. ინაუგურაციის დროს ახლად არჩეულ პრეზიდენტს აქვს სურვილი იმ რიტუალებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც გაწერილი იყო ბრძანებულებით.
დადასტურებით ჯერ ვერაფერს გეუბნებით, რადგან საბოლოო სცენარი არ გვაქვს. ვიცით, არის ამის სურვილი და ყველანაიარად ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი და არა პომპეზური. თბილისში შეიძლება იყოს პანთეონი, გმირთა მემორიალი. ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება ფიცის დადების ლოკაციას, ამისათვის განსაზღვრულია თელავი და შესაძლებელია, რომ მეორე ნაწილი იყოს წინანდალში. მე ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.