კახა გვანცელაძე - 152-ე ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები გეგმური შემოწმებისას აღმოაჩნდა
კახა გვანცელაძე - 152-ე ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები გეგმური შემოწმებისას აღმოაჩნდა

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ჯგუფში, რომლის პედაგოგსაც ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფექციებზე გამოკვლევა გეგმურად, ყოველი სააღმზრდელო წლის დაწყებისას მიმდინარეობს და მისი გავლა ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულოა.

„152-ე ბაღში ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ინფექციის ნიშნები. ბავშვებს უტარდებათ გამოკვლევები, ამასთანავე, თანამშრომლებიც გადიან გამოკვლევებს. რაც შეეხება გამოკვლევებს, ეს გამოკვლევების არის სავალდებულო და ჩვენ ამას გეგმურად ხშირად ვატარებთ. სწორედ ასე გამოვლინდა ეს ფაქტი და მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება. სტატისტიკის მიხედვით, წელიწადში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ჩვენ პერიოდულად ვატარებთ გამოკვლევებს, ეს გახლავთ სავალდებულო და ამ კომპონენტს აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.

ტუბერკულოზის ცენტრში თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელებს, რომელთაც ტუბერკულოზით დაავადებულ პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალური შემოწმება უტარდებათ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი აცხადებს, გამოკვლევა 28 აღსაზრდელს უნდა ჩაუტარდეს.