კახა გეწაძე - უგულავას განცხადებაზე მეცინება, სჯობს, თავის განვლილ ცხოვრებაში ჩაიხედოს და იქ ნახავს, ვისი კაცი იყო
კახა გეწაძე - უგულავას განცხადებაზე მეცინება, სჯობს, თავის განვლილ ცხოვრებაში ჩაიხედოს და იქ ნახავს, ვისი კაცი იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა გეწაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ უმჯობესია, უგულავამ თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს.

გეწაძის თქმით, „ევროპულ საქართველოში“ მისი მაღალი რეიტინგი აშფოთებთ. რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას: „კარგად მოიკითხეთ კახა გეწაძეს 2013 წლის შემდეგ სადმე რამე ბრძოლაში თუ გაუელვია“, გეწაძე აღნიშნავს, რომ 2014 წელს ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი იყო და უგულავას დღეს შესაბამისი ფოტოც გაუგზავნა.

„ძალიან სასაცილო განცხადებაა, მეცინება მის განცხადებაზე, სჯობს, თავის განვლილ ცხოვრებაში ჩაიხედოს და იქ ნახავს, ვისი კაცი იყო. მე ძალიან დიდი რეიტინგი მაქვს და ეს აშფოთებთ. მისი განცხადება კი 2013 წლის შემდეგ პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით არის ტყუილი, რადგან 2014 წელს ვიყავი ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი და დღეს  სურათიც გავუგზავნე გიგის, როცა ჩემი წარდგინება გააკეთა. იმის შემდეგ არც ერთი წუთი არ დამიტოვებია მოსახლეობა. გიორგი კაპანაძე ანერვიულებს, მე როგორც მახსოვს, მაგას უფრო ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა კაპანაძესთან. ის ჩემი ბავშობის მეგობარი იყო, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა. მე ვარ პოლიტიკურად ნათელ მხარეს და ბატონი გიგი არ ვიცი, რას ემსახურება“, – აღნიშნა კახა გეწაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ხატია დეკანოიძესა და სალომე სამადაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს მიერ წარდგენილი ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა გეწაძის პლაკატი გამოაქვეყნა. უგულავამ პოსტში ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და გეწაძის კანდიდატურა გააკრიტიკა.

„ესაა თქვენი „ადგილობრივი გენერალი“? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები? ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე – politician? თქვენ რა, ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე „რიჟას“ პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი (არ მოგესმათ! იმ „რიჟასი“, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ, ან ამბობენ – კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში „მოჩალიჩე“ ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა, კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რაიმე ბრძოლაში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, ართუ მაჟორიტარად დაყენება. აი, ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია, რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა „ენმ“ გიგი წერეთელს „რიჟას“, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით, ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა. ნამდვილად გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში“, – დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.