კახა ჩხეტიანი - ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ ევროთასებზე „ტორპედო“ საქართველოს წარმოადგენს #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ ევროთასებზე „ტორპედო“ საქართველოს წარმოადგენს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. კახა ჩხეტიანმა გუნდი არა ქუთაისში, არამედ თბილისში, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საფეხბურთო ცენტრში შეკრიბა.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისში რამდენიმე დღეს დარჩება და შემდეგ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც, მინიმუმ, 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამ ეტაპისთვის 5 მეტოქე ცნობილია – „ტორპედო“ „ნესტვედს“ (დანია), „მეტალისტს“ (უკრაინა), „ლვივს“ (უკრაინა), „რიგას“ (ლატვია) და „სილეკსს“ (ჩრდილოეთ მაკედონია) ეთამაშება.

საქართველოს თასის მფლობელი თურქეთში შეკრებას 15 თებერვალს დაასრულებს.

„ტორპედოს“ გეგმებზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა და ფეხბურთელებმა გააკეთეს.

კახა ჩხეტიანი: „ექვსი ამხანაგური მატჩის გარდა, კიდევ 2 თამაშის ჩატარება გვსურს, მეტოქეები მალე გაირკვევა. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური და მენტალური მომზადების კუთხით. ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ საქართველოში ქუთაისს წარმოვადგენთ, ევროთასებზე კი – საქართველოს. შევეცდებით, ისე მოვემზადოთ, რომ გუნდი ჩემპიონატს მზადყოფნაში შეხვდეს“.

როინ კვასხვაძე, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე: „დასვენების შემდეგ ვარჯიშებიც მოგვენატარა და ერთმანეთიც. გუნდში მშვენიერი განწყობაა. ვეცდებით, ნაყოფიერი მოსამზადებელი შეკრება გავიაროთ. იმედია, სეზონის დაწყებისთვის ძლიერი და კარგად შეთამაშებული გუნდი ვიქნებით და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ. ვაცნობიერებთ, რომ კონფერენსლიგაზე საქართველოს წარმოვადგენთ და ამ ტურნირზე მაქსიმუმის გაკეთება გვსურს“.

ნიკა სანდოხაძე, ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი: „წინ დიდი და რთული სამუშაო გველის. ამისთვის მზად ვართ და ვეცდებით, რომ შეკრება მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ამ პერიოდში საკონტროლო მატჩები აუცილებელია, ახალ სეზონს მაქსიმალურად კარგ ფორმაში რომ შევხვდეთ“.