რონალდინიო 11-წლიანი პაუზის შემდეგ პროფესიულ ფეხბურთში ბრუნდება #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი რონალდინიო 11-წლიანი პაუზის შემდეგ ოფიციალურ მატჩში ითამაშებს. 46 წლის ფეხბურთელი იტალიის სერია C-ში მოასპარეზე „რავენას“ მაისურს მოირგებს.
ESPN-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ბრაზილიელი მოედანზე 15 ნოემბერს „ფორლისთან“ გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმაც ოფიციალურად დაადასტურა.
რონალდინიომ უკანასკნელი ოფიციალური მატჩი 2015 წლის სექტემბერში ბრაზილიური „ფლუმინენსეს“ შემადგენლობაში ჩაატარა. ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ 2018 წელს გამოაცხადა, თუმცა ახლა კვლავ პროფესიულ დონეზე თამაშისთვის ემზადება.
ბრაზილიელი „რავენას“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ წუთს გაატარებს რონალდინიო მოედანზე.
რონალდინიო 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2005 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო, ხოლო 2006 წელს „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იზეიმა.