კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებისგან რამდენიმე პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება არაეთიკურობის გამო მოითხოვა
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებისგან რამდენიმე პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება არაეთიკურობის გამო მოითხოვა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისიამ ტელეკომპანიებისგან რამდენიმე პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება არაეთიკურობის გამო მოითხოვა. შესაბამისი წერილით კომისიამ ტელეკომპანიებს მიმართა.

„როგორც ჩვენ მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილ წერილებში იყო აღნიშნული, ოთხი პოლიტიკური სარეკლამო რგოლიდან სამი შეიცავს არაეთიკურ გამონათქვამებს, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს ითვლება არასათანადო რეკლამად. ეს არის პოლიტიკური სამაუწყებლო რეკლამა, შესაბამისად, მაუწყებლობის შესახებ კანონით, აკრძალულია არასათანადო რეკლამის ეთერში გაშვება. ამიტომ ვუთხარით, რომ ამ სარეკლამო რგოლების გაშვება არ შეიძლება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციის კომისიის მოთხოვნასთან დაკავშირებით დღეს „ძალა ერთობაშიამ“ გამოთქვა პრეტენზია. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საუბარია მათ მიერ სარეკლამო რგოლში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამოთქმული ფრაზების გამოყენებაზე.

ამასთან, კახა ბექაურის თქმით, თუკი სარეკლამო რგოლები გასწორდება, მათ ეთერში გაშვებაზე პრობლემა არ იქნება.

„თუ საარჩევნო სუბიექტები გაასწორებენ რეკლამებს, პრობლემა არ იქნება და გაუშვან, რამდენიც უნდათ“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.