კახა ბექაური - ჩვენს მედიაში ხშირად ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ეს პრობლემა ევროპამ დიდი ხანია, გადაჭრა, რადგან ევროპულ ქვეყნებში არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი
პარადოქსია, რომ ასეთ მედიაგარემოში, სადაც ყველაზე თავისუფალი მიდგომაა, მაყურებელზე ორიენტირებული პროდუქტი ნაკლებად იქმნება. რეალურად, რატომ გვჭირდება თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემო? ცხადია იმისთვის, რომ საზოგადოებას, მაყურებელს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად, იმისა, რომ ქართული სახელმწიფო მედიაპოლიტიკა და კანონმდებლობა ევროპაში ყველაზე ლიბერალურია, მედიაში მაინც უამრავი გამოწვევა და პრობლემა რჩება გადასაწყვეტი.
„ბოლო არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენი მედიაგარემო პოლარიზებული, რადიკალური და სიძულვილის ენით გაჯერებულია. დღეს ჩვენს მედიაში, ხშირად, ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ხშირია მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩემი აზრით, სწორედ სიძულვილის ენის გამოყენებით და აგრესიით ხდება ყველაზე ხშირად განსხვავებული აზრის შეზღუდვა, რაც ოპონენტებს შორის ჯანსაღ დისკუსიას უშლის ხელს. ადამიანებს არ უნდათ აგრესიის და თავდასხმის ობიექტი გახდნენ და განსხვავებული აზრის გამოხატვისგან თავს იკავებენ“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
ბექაურის განცხადებით, პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამოსავალი მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობითა და ღია დისკუსიით უნდა იქნას მიღწეული.
„ამ მიმართულებით აჩქარება, ან რაიმე რეგულაციის მიღება ძალიან საფრთხილოა, რადგან მედიის რეგულაცია ძალიან სენსიტიური საკითხია. მე შემიძლია გითხრათ, როგორ მოაგვარეს განვითარებულმა ქვეყნებმა ამ ტიპის პრობლემები და რა გამოცდილება არსებობს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში – სიძულვილის ენის ტირაჟირება აკრძალულია კანონით. ევრო დირექტივების ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოსთან ჰარმონიზაცია ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, სავალდებულოა. რა ხდება ჩვენთან? მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ მიმართულებით კანონი არ მიგვიღია და 2018 წლის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში გვაქვს შეტანილი.საკითხის კანონით დარეგულირების გარდა, ევროპაში მედიის წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, აცნობიერებენ სიძულვილის ენის ტირაჟირების საფრთხეებს. ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება იმდენად მომზადებული და გათვითცნობიერებულია, რომ დისკუსიები ოპონენტებს შორის მაღალი სტანდარტით იმართება. მოქალაქეები ერთმანეთთან ოპონირებას მყარი არგუმენტებით ახერხებენ, დაცინვის, მუქარის და სიძულვილის ენის გამოყენების გარეშე“,- ამბობს კახა ბექაური.
მისივე განცხადებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელების და პოლარიზაციის პრობლემები ევროპულმა ქვეყნებმა დიდი ხანია გადაჭრეს, რადგან ევროპულ ქვეყნებში არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც სამ ფუნდამენტურ საკითხს ემყარება.
„პირველია სიზუსტე – ევროპაში მედიასაშუალებები ვალდებულნი არიან, ფაქტები სიზუსტით გადმოსცენ, არ დაამახინჯონ ამბავი; მეორეა ფაქტი და მოსაზრება – მედია ვალდებულია ფაქტები და მოსაზრებები გამიჯნოს ერთმანეთისგან; მესამე – თუ რომელიმე მედია საშუალებამ ამბავი ცალმხრივად გააშუქა, ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას ეთერი დაუთმოს. ასეთია ევროპული მიდგომა.მკითხეთ, როგორ უნდა მოვაგვაროთ ჩვენ ეს პრობლემები? არსებობს რამდენიმე გზა – ან გავყვეთ ცივილიზებული ევროპის გამოცდილებას, ან არა და ვთქვათ, რომ ევროპული რეგულაცია კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული რეგულაცია კარგია, მაგრამ კახა ბექაურია ცუდი და სანამ კახა ბექაურია კომუნიკაციების კომისიაში, ევროპული გზა არ გვინდა“,- აცხადებს კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარე დასძენს, რომ მიუხედავად დაუსაბუთებელი ბრალდებებისა კომუნიკაციების კომისიის ყველა გადაწყვეტილება, საზოგადოების, მაყურებლის საუკეთესო ინტერესებს და მედია გარემოს გაჯანსაღებას ემსახურება.
„მედიის და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიას უხამსობის საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, ამბობენ, რომ უხამსობის რეგულირებას ნეგატიური მიზნებისთვის ვიყენებთ, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ… მოკლედ, უამრავ ბრალდებას გვიყენებენ. როგორ ვიქცევით ჩვენ? უხამსობის ნაწილში პირველ რიგში, ვრეაგირებთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაცდომებზე და არ გვაქვს მარტო გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები; მეორე, თუ ვიღებთ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ვცდილობთ მაუწყებლებს არ დავაკისროთ ფინანსური ჯარიმა და მხოლოდ დარღვევა დავაფიქსიროთ. დარღვევის დაფიქსირება მნიშვნელოვანი საფეხურია, რათა საზოგადოებამ, მედიამ, ჩვენ ყველამ, ვისწავლოთ კანონის სწორად წაკითხვა და მისი პრაქტიკაში გამოყენება; მესამე – გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია სასამართლოებში, ველოდებით, რომ სასამართლომ თქვას, როგორი მიდგომაა სწორი და არის თუ არა ეს კომუნიკაციების კომისიის განსახილველი საკითხი. ამ მიდგომით, ჩვენ, როგორც სფეროს რეგულატორი, ვცდილობთ მაყურებლის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ეს არის ჩვენი ხელწერა. როგორც ხედავთ, ერთია ბრალდებები და მეორეა რეალობა“,- აცხადებს კახა ბექაური.