„კაირატის“ მწვრთნელი „იბერიასთან“ მარცხზე – საქართველოს ჩემპიონი ძალიან მომეწონა, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს #1TVSPORT

12:00, 02.02.2025

ალმატის „კაირატის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ურაზბახტინმა თურქულ შეკრებაზე „იბერიასთან“ ამხანაგურ მატჩში დამარცხებაზე (0:1) კომენტარი გააკეთა და არ დამალა, რომ საქართველოს ჩემპიონმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„ამ კვირაში უკვე მეორე მატჩი ვითამაშეთ და ამით ჩვენი პირველი ყოველკვირეული მიკროციკლი დავასრულეთ. კარგი მატჩი ჩავატარეთ ძლიერ მეტოქესთან. საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ძალიან მომეწონა, რადგან თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა. საერთოდაც, საინტერესო შეხვედრა გამოდგა.

პირველივე წუთებიდან თამაშის და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მივეცით. მარცხის მიუხედავად, კმაყოფილი ვართ. თანაბარი თამაში იყო: შანსები ჩვენც გვქონდა და მეტოქესაც. მაგრამ იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომებს უშვებს. ნაკლები შეცდომა კი „იბერიამ“ დაუშვა. ჩვენ კი ამ შეცდომებზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ურაზბახტინმა.

ლევან კორღალიძის გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონს ირაკლი სიხარულიძის მიერ მატჩის მიწრულს გატანილი გოლით აჯობა. თბილისის „იბერია“ შემდეგ შეხვედრას 8 თებერვალს უკრაინული კოვალივკას „კოლოსის“ წინააღმდეგ გამართავს. „კაირატი“ კი 8 თებერვალს მეორე ქართულ გუნდს, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი