კაია კალასი - გვექნება დისკუსია უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ყალბ ინფორმაციაზე, ცხადია, ეს უკვე ხდება ევროპის პრობლემაც
კაია კალასი - გვექნება დისკუსია უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ყალბ ინფორმაციაზე, ცხადია, ეს უკვე ხდება ევროპის პრობლემაც

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე. ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კაია კალასის თქმით, იქნება დისკუსია უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ყალბ ინფორმაციაზე.

„გვექნება დისკუსია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ კუთხით. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც დავეხმარეთ ჩვენს მეგობრებს და სხვა ქვეყნებს. ცხადია, ეს უკვე ხდება ევროპის პრობლემაც. ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს ეს ქსელები, რომლებიც რეალურად ჩვენ წინააღმდეგ მუშაობენ. ეს არის კოგნიტური ომი, ეს არის ნარატივების ბრძოლა ადამიანების გულებისა და ტვინებისთვის. ასე რომ, დღეს განვიხილავთ კიდევ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ კუთხით“, – აღნიშნა კალასმა.

ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღესვე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც. მისი განცხადებით, ევროკავშირს სურს, იყოს ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესის მონაწილე, მათ შორის დაჯგუფება „ჰამასის“ განიარაღებაში წვლილის შეტანით. კალასის თქმით, დიპლომატები ასევე განიხილავენ სირიაში არსებულ ვითარებასაც, ვენესუელას და იმ საკითხებს, რომლებსაც წევრი ქვეყნები წამოწევენ. როგორც კალასმა აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები ასევე იმსჯელებენ რუსეთთან შესაძლო დიალოგზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკებების შემთხვევაში.