ხელვაჩაურის მერი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს.
ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს ახალი ტურისტული ობიექტი შეემატა, რაშიც მერიას ხელი უნდა შეეწყო.
„მე მივიღე პირადად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ხელვაჩაურის საკრებულოს თანხმობით და მაშინ არ გაჩენილა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად საჭირო იყო მუნიციპალიტეტისთვის ახალი ტურისტული ობიექტის შექმნა, სადაც გაჩნდებოდა დამატებითი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, დახარჯული თანხიდან საშემოსავლო ნაწილიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დარჩა. არანაირი დავალება არ მიმიღია და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ ,- განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
ნაპირსამაგრი სამუშაოები აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება იყო უფლებამოსილების გადამეტება, რადგან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი არის ცენტრალურ დაქვემდებარებაში და მუნიციპალიტეტს მის შესაკეთებლად თანხა არ უნდა დაეხარჯა.
ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს შესაბამისი წერილითა და განმარტებით უკვე მიმართა.
„დიახ, აუდიტის დასკვნაში იყო, საუბარი, რომ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მაგრამ ჩვენ გავეცით უკვე პასუხი და დავუსაბუთეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სამუშაოები მუნიციპალიტეტისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასე რომ აქ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს და ოპოზიციის კრიტიკა არის საფუძველს მოკლებული“ ,- ამბობს ხელვაჩაურის მერი.