ჯოზეფ ბორელი – შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენ ვერ ჩავერთვებით, ყველასადმი ჩემი მოწოდებაა, გამოიყენეთ შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა

13:31, 08.09.2023

თქვენი შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია ის საკითხია, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, რომ გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ჩვენ ვერ ჩავერთვებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ამ საკითხზე საუბარში შესვლაც კი შიდა ცხოვრებაში ჩარევა იქნებოდა.

„პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა. ამ საკითხზე საუბარში შესვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში. ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. მე პირადად ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს. ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციას, ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა, სულისკვეთება არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს. ჩემი მოწოდება ყველასადმი არის, გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ამ შემთხვევაში ჩემი ბერკეტი მინიმალურია. პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი