ჯოზეფ ბორელი – სერბეთის მიერ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება შეუთავსებელია მისი ევროინტეგრაციის პროცესთან
სერბეთის მიერ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება შეუთავსებელია მისი ევროინტეგრაციის პროცესთან. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულებისას განაცხადა.
მინისტერილის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს თავიანთ კოლეგებთან დასავლეთ ბალკანეთიდან.
„ჩვენ განვიხილეთ რეგიონზე რუსეთის გავლენა, რომელიც ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატების ევროპული გზის შეცვლას. ჩვენ მივესალმეთ სტრატეგიულ და მამაც არჩევანს ზოგიერთი მათგანის მხრიდან, რომლებიც ჩვენს საგარეო პოლიტიკასა და სანქციებს სრულად შეუერთდნენ. ჩვენ ასევე მივანიშნეთ მათ, ვინც ჯერ სრულად არ შეუერთდა ან საერთოდ არ შეუერთდა – და განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო სერბეთი – რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. ეს ასევე აზიანებს მის პირად ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს რეფორმების დაჩქარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში შექმნილი უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვინდა, წინ წავიწიოთ გაფართოებაში და ჩვენი მტკიცე გზავნილია, რომ მათ უნდა გამოიყენონ გაფართოების პროცესში უკრაინის სწრაფი პროგრესით შექმნილი შესაძლებლობა. უკრაინა პროგრესს აღწევს. ისინი ასევე უნდა გაჰყვნენ ამ გზაზე ამ ტემპით. ახლა დროა, რომ მათ დააჩქარონ რეფორმები, გაუთანაბრდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და მოამზადონ საზოგადოება წევრობისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. მათ უნდა გამოიყენონ ის“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.
„ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, შეგეძლოს თანამშრომლობა და მოქმედება, როგორც კარგ მეზობელს და წარსულის ყველა სირთულის გადალახვა“, – აღნიშნა ბორელმა.