ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბორელის განცხადებით, რუსეთსა და ბელარუსში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის შვება ევროკავშირისთვის. ამასთან, მისი თქმით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც რუსეთსა და ბელარუსში უსამართლოდ რჩება დაკავებული.
„ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების, რაც თურქეთის დახმარებით მოხდა. გათავისუფლებული აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიერ პოლიტიკური მიზეზებით უსამართლოდ იდევნებოდნენ და დაპატიმრებულნი იყვნენ გაუსაძლის პირობებში. პოლიტპატიმრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არიან დაკავებულები რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში დაპატიმრებული რვა მოქალაქე დაბრუნდა.