ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, რაც მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება
ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, რაც მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერში“ წერს.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას, მიმართოს პრეზიდენტ პუტინს, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ეს აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა და ვალდებულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, რჩება ურყევი.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, – აღნიშნავს ბორელი.
რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.