ჯოვინო ბათუმში დაბრუნდა, მაგრამ შესაძლოა, ისევ წავიდეს #1TVSPORT
ჯოვინო ბათუმში დაბრუნდა, მაგრამ შესაძლოა, ისევ წავიდეს #1TVSPORT

სანაკრებო პაუზაზე გამართულ შეხვედრაში, ქობულეთის „შუქურასთან“ ბათუმის „დინამოს“ ფორმა ისევ მოირგო ჯოვინო ფლამარიონმა, – ინფორმაცია ბათუმელთა ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ბრაზილიელი თავდამსხმელი გასულ წელს ბათუმის „დინამომ“ იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაუშვა, რომლის ფორმითაც რუსეთის პრემიერლიგაში 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მაგრამ „როტორი“ დაქვეითდა, იჯარა კი დასრულდა და ჯოვინო ფლამარიონი ბათუმში დაბრუნდა.

ჯოვინოს ბათუმის „დინამოსთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მაგრამ მისი დარჩენა გადაწყვეტილი არაა და ბრაზილიელის მენეჯერი დაინტერესებულ გუნდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ბერიძის თქმით, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებენ.

საქმე ისაა, რომ ჯოვინომროტორში“ თამაშით სხვა კლუბები დააინტერესა – ბერიძე არ მალავს, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერის გამოსყიდვით ბათუმის „დინამომ“ რამდენიმე წინადადება მიიღო.

ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოში“ 2017 წელს ჩაირიცხა და 96 თამაშში 45 გოლი გაიტანა. 2019 წელს ბრაზილიელი თავდამსხმელი ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.