„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების აღდგენამდე, თბილისის სხვადახვა უბანში სასმელი წყლის ცისტერნები იმოძრავებს და მომხმარებლებს, მოთხოვნის გათვალისწინებით, მიაწვდის სასმელ წყალს. ამის შესახებ საუბარია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებაში.

„მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვის მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის დღეს, 6 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე მაგისტრალურ მილებზე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რა დროსაც აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა და წყალმომარაგების შეზღუდვა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრულად ითვალისწინებს მოსახლეობის თხოვნას წყალმომარაგების შეზღუდვის პერიოდში სასმელი წყლის ცისტერნებით მიწოდების შესახებ.

წყალმომარაგების აღდგენამდე, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანიის მიერ დამატებით მაქსიმალური რაოდენობის  ცისტერნები იქნება მობილიზებული. სასმელი წყლის ცისტერნები იმოძრავებს სხვადახვა უბანში და მომხმარებლებს, მოთხოვნის გათვალისწინებით, მიაწვდის სასმელ წყალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება ვაკე-საბურთალოს რაიონის, ასევე დიღომი 7-ის, სოფელ დიღმის, ზაჰესის მოსახლეობის ნაწილს, ასევე ქალაქ მცხეთას, ნატახტარს,  წიწამურს და წეროვანის დასახლებას შეეზღუდება.

დატოვე კომენტარი