„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი აცხადებს, რომ კომპანიას ხელფასების 50 პროცენტით მომატების რესურსი არ აქვს
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი აცხადებს, რომ კომპანიას ხელფასების 50 პროცენტით მომატების რესურსი არ აქვს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ კომპანიას არ აქვს თანამშრომლებისთვის 50-პროცენტიანი ხელფასების გაზრდის რესურსი და ხელფასების 25 პროცენტით ზრდა მაქსიმუმია, რისი შეთავაზება კომპანიას შეუძლია.

ამასთან, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, ის მზად არის, პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„არ შეგვიწყვეტია ჩვენ არც ერთი დღე კომუნიკაცია თანამშრომლებთან. ხელფასის 25-პროცენტიანი, ეტაპობრივი ზრდა არის ჩვენი შეთავაზება და ეს ძალაში რჩება. უფრო კონკრეტულად: 2019 წლის პირველი ივლისიდან – 15-პროცენტიანი ზრდა, ხოლო 2020 წლის პირველი ივლისიდან – 10-პროცენტიანი ზრდა. ამას ვაფორმებთ დღესვე. ასევე, ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული გვაქვს ალტერნატიული წინადადებაც. ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე და 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა.

ჩვენ დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა დავდეთ და კვებაზე კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. ეკოლოგია, სადაზღვევო პაკეტი, აქ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, თუმცა ახლა მთავარ მოთხოვნად ხელფასების ზრდა რჩება. ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარება განიმუხტოს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მოლაპარაკებებს. მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და ყველა კითხვას ვუპასუხოთ. რაც შეეხება მინისტრების ჩამოსვლას, მე არ მაქვს ამაზე პირდაპირი კომუნიკაცია“, –  განაცხადა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა.

ამასთან, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, „კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება“.

ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, დახურულ ფორმატში მოუსმენენ.