ჯორჯ ბუში - დროა, რომ ამერიკამ შეისწავლოს თავისი ტრაგიკული მარცხები
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის და ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუში დამწუხრებული არიან ფლოიდის სასტიკი გაგუდვის გამო და „შეშფოთებული არიან იმ უსამართლობისა და შიშის გამო, რომელიც ქვეყანას ახრჩობს“. „დროა, რომ ამერიკამ შეისწავლოს თავისი ტრაგიკული მარცხები“, – აღნიშნავს ბუში.
„შოკისმომგვრელ მარცხად რჩება ის, რომ მრავალი აფრიკელი ამერიკელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცი, განიცდის შევიწროებას და მუქარას საკუთარ ქვეყანაში. ეს არის სიძლიერე, როდესაც დემონსტრანტები, რომლებსაც პასუხისმგებლიანი სამართალდამცავი ორგანოები იცავენ, გამოდიან უკეთესი მომავლისთვის. ეს ტრაგედია, რომელიც ანალოგიური ტრაგედიების მრავალი სერიიდან ერთ-ერთია, დიდი ხნის მომწიფებულ შეკითხვას აყენებს – როგორ დავასრულოთ სისტემური რასიზმი ჩვენს საზოგადოებაში? ერთადერთი გზა, რომ საკუთარი თავი ჭეშმარიტად დავინახოთ, არის იმ მრავალი ადამიანი ხმის გაგონება, რომლებსაც აყენებენ ტკივილს და ტანჯვას. ის, ვინც აპირებს ამ ხმების მიჩუმებას, არ აცნობიერებს ამერიკის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის წერილში.
ჯორჯ ბუში აღნიშნავს, რომ განსხვავებული წარსულის ადამიანების სამართლიანობისა და შესაძლებლობების ერთიან ქვეყნად გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენდა ამერიკის უდიდეს გამოწვევას.
„რასობრივი უპირატესობის დოქტრინა და ჩვევები, რომელმაც ოდესღაც თითქმის გახლიჩა ჩვენი ქვეყანა, კვლავ ემუქრება ჩვენს კავშირს. ამერიკულ პრობლემების პასუხები ნაპოვნია ამერიკულ იდეალებში – იმ ფუნდამენტურ სიმართლეში, რომ ყველა ადამიანი უფლის მიერ შექმნილია თანასწორად და დაჯილდოებულია გარკვეული უფლებებით“, – ნათქვამია ბუშის განცხადებაში.
მისივე თქმით, ბევრს ეჭვი ეპარება აშშ-ის სამართლიანობაში და ამისათვის კარგი მიზეზიც აქვთ.
„შავკანიანი ადამიანები ხედავენ, როგორ ირღვევა მათი უფლებები ამერიკული ინსტიტუტების მხრიდან ამაზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ხანგრძლივი სამართლიანობა დამყარდება მხოლოდ მშვიდობიანი გზებით. მაროდიორობა არ არის გათავისუფლება, ხოლო ნგრევა არ არის პროგრესი. თუმცა, ასევე ვიცით, რომ ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში მოითხოვს ჭეშმარიტად თანასწორ სამართალს. კანონის უზენაესობა საბოლოოდ დამოკიდებულია სამართლიანობასა და სამართლებრივი სისტემის ლეგიტიმურობაზე. ყველასთვის სამართლიანობის მიღწევა არის ყველას მოვალეობა“, – ნათქვამია ბუშის განცხადებაში.