ჯონდი ბაღათურია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს
ჯონდი ბაღათურია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს

„ქართული დასი“ გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვას არ გეგმავს.

„ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად რამე მემორანდუმზე ხელის მოწერას არც განიხილავს და მათთან თანამშრომლობას არც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში აპირებს.

რაც შეეხება მთავრობის დაკომპლექტებას, ბაღათურიას თქმით, ამის თაობაზე პარტიებმა პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა იმსჯელონ.

„უგულავასთან და ბოკერიასთან არანაირი შეთანხმების გაფორმებას „ქართული დასი“ არ გეგმავს. მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განაყოფი ე.წ. „ევროპული საქართველო“ არიან დამნაშავეები და მათი უმრავლესობის ადგილი არის ციხეში. ჩასხდებიან კიდევაც, თუკი „ქართულ დასს“ მიცემა ძალაუფლება 2020 წლის არჩევნებში და ეს ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან” და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას, ეს იქნება დამოკიდებული პირველ რიგში, არჩევნების შედეგებზე და შემდეგ პოლიტიკურ თემატიკაზე, რა თემატური შეთანხმებები შეიძლება, დაიდოს და რას შემოგვთავაზებენ პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ სახელმწიფო ინტერესების ირგვლივ მოხერხდეს პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.