ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო და ახალი რეკორდიც დაამყარა #1TVSPORT
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი – რუსი დანილ მედვედევი სამ სეტში, 4:6 6:3 6:3 დაამარცხა და სერბმა ამ გამარჯვებით ახალი რეკორდი დაამყარა. ჯოკოვიჩს ახლა უკვე ATP-ის 37 მასტერსი აქვს მოგებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ნოვაკმა ესპანელ რაფაელ ნადალს (36) გადაასწრო.
აღსანიშნავია, რომ პარიზის მასტერსის ფინალური შეხვედრა 2021 წელს ჯოკოვიჩისა და მედვედევის რიგით მესამე დაპირისპირება იყო. პირველ მატჩში სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მოუგო მედვედევს, ხოლო შემდეგ ნოვაკი მედვედევთან აშშ-ის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი წელს კარიერაში მეშვიდედ დაასრულებს სეზონს რეიტინგის სათავეში, რითაც ამ მაჩვენებელში ლეგენდარულ პიტ სამპრასს გადაასწრო.