მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ ძალიან შორს არის თავისი ოპტიმალური ფორმისგან.
„დიდი სლემის“ 12-გზის ჩემპიონმა მორიგი ტურნირი დაასრულა ნაადრევ ეტაპზე – მადრიდის “მასტერსზე” მეორე წრეში დამარცხდა ბრიტანელ კაილ ედმუნდთან.
ჯოკოვიჩმა პირველი რაუნდი ორ სეტში მოუგო იაპონელ კეი ნიშიკორის და რაღაც იმედი მისცა თავის გულშემატკივრებს, მაგრამ ედმუნდთან პირველ სეტში ცუდად გამოიყურებოდა, სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და 3:6 წააგო. სამაგიეროდ, მეორე სეტში ორი ბრეიკი ჰქონდა, თან ისე, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა – 6:2.
გადამწყვეტი სეტის მეხუთე გეიმში ჯოკოვიჩს სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი ქულა წააგო. ამის შემდეგ, სერბს მეტოქის მოწოდების აღების შანსი აღარ მისცემია, ედმუნდმა კი ერთადერთი ასეთი შანსი მერვე გეიმში გამოიყენა და შემდეგ, მატჩზე ჩააწოდა – საათსა და 43 წუთში ბრიტანელმა 6:3, 2:6, 6:3 მოიგო. ედმუნდს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა – 5-დან 4. ჯოკოვიჩმა 7-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ნოვაკმა ექვს ტურნირში მიიღო მონაწილეობა, აქედან სამჯერ პირველ წრეში წააგო, მადრიდში მეორე რაუნდში დამარცხდა და საუკეთესო შედეგი მონტე კარლოში ჰქონდა, როცა მესამე წრემდე მიაღწია.