ჯოელ ემბიდი მოქალაქეობას შეიცვლის და პარიზის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, „ფილადელფიას“ ლიდერი ჯოელ ემბიდი მოქალაქეობის შეცვლას ფიქრობს.
როგორც NBC Sports ფრანგულ პრესაზე დაყრდნობით წერს, ემბიდმა დაიწყო პროცესი, რათა უფლება ჰქონდეს საფრანგეთის ნაკრებში ითამაშოს საერთაშორისო ტურნირებზე, კერძოდ, პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
ჯოელ ემბიდი დაიბადა და გაიზარდა კამერუნში და ახლა აპირებს გახდეს ნატურალიზებული ფრანგი, – განაცხადა საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ბორის დიაომ.
კალათბურთში ეროვნულ ნაკრებებს აქვთ უფლება – შემადგენლობაში ჰყავდეთ თითო ნატურალიზებული მოთამაშე. ამასთან, „სიქსერზის“ ვარსკვლავს არასოდეს უთამაშია კამერუნის ნაკრებში.
შარშან, ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებმა ამერიკელებს ზაფხულის თამაშებზე პირველი მარცხი აგემა 2004 წლის შემდეგ. ეს ჯგუფურ ეტაპზე მოხდა, თუმცა ფინალში აშშ-მ შეძლო რევანშის აღება.