ჯოელ ემბიდი „ფილადელფიასთან“ კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბის, „ფილადელფია სიქსერსის“ მოთამაშე ჯოელ ემბიდი გუნდთან კონტრაქტის გასაგრძელებლად ემზადება, – იუწყება The Athletic-ის ჟურნალისტი შამს ჩარანია სოციალურ ქსელებში.
„ჯოელ ემბიდი ხელს მოაწერს კონტრაქტის გაგრძელებას „ფილადელფია სიქსერსთან“. წყაროები იტყობინებიან, რომ MVP ხელშეკრულებას სამი წლით გაახანგრძლივებს, კონტრაქტის თანხა კი 193 მილიონ დოლარს შეადგენს“, – წერს ჩარანია.
მოსამზადებელ სეზონზე ემბიდმა მონაწილეობა მიიღო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში, რამაც გამოიწვია გულშემატკივართა უარყოფითი რეაქცია, რადგან ჯოელს ასევე საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადის ფინალში ამერიკელებმა სწორედ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს.