ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. 40-წუთიანი სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, – წერს „ბიბისი“
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიის „გადამწყვეტი ფანჯარა“ ჯერ კიდევ ღიაა. ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში მოჰყვება გაჭიანურებული კრიზისი რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი, როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
როგორც ცნობილია, არსებული კრიზისის განსახილველად ბორის ჯონსონი დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს.
თავის მხრივ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს და მზადყოფნა გამოთქვეს, დაუწესონ რუსეთს სერიოზული შედეგები, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს.