ჯო ბაიდენი - ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ სიბნელის ხანა აშშ-ში
ჯო ბაიდენი - ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ სიბნელის ხანა აშშ-ში

ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტად კენჭისყრას დათანხმდა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა, რომელიც დღეს დასრულდა.

ბაიდენმა 2020 წლის არჩევნებს „ნათელისა და ბნელის დაპირისპირება უწოდა“. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა „უკვე ძალიან დიდი ხანია, სიბნელეში გაახვია აშშ“. ბაიდენმა თქვა, რომ მისმა კონკურენტმა გააღვივა „საკმარისზე მეტი ბრაზი, შიში და განხეთქილება“.

„მე ვიქნები სინათლის მოკავშირე და არა – სიბნელის. დადგა დრო, გავერთიანდეთ. ერთად ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ სიბნელის ხანა აშშ-ში. ჩვენ ავირჩევთ იმედს შიშის საპირწონედ, ფაქტებს – გამოგონილი ამბების ნაცვლად, სამართლიანობას – პრივილეგიების ნაცვლად. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი – გავხდეთ უფრო გაბრაზებულები, ნაკლებად იმედიანები, უფრო დაყოფილები, ან შეგვიძლია განსხვავებულ გზას დავადგეთ და ყველამ ერთად გამოვიყენოთ ეს შანსი განკურნებისთვის, რეფორმისთვის, გაერთიანებისთვის. ეს არის იმედისა და სინათლის გზა. ეს არჩევნები ცვლის ცხოვრებას. ის განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება აშშ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. თუ ჩვენ მოქმედ პრეზიდნეტს კიდევ ოთხი წელი მივეცით, ის არ შეიცვლება. ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს, არაა ლიდერი, სხვებს ადანაშაულებს, დიქტატორებს ურიგდება. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად დადგება და ჩვენს მეტოქეებს ეტყვის, რომ დიქტატორებთან ფლირტის დრო დასრულდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლას ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯები და განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური გეგმა გააჩნია. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.