ჯო ბაიდენი - ცეცხლის შეწყვეტაზე ლიბანისა და ისრაელის შეთანხმება როცა ძალაში შევა, ბრძოლა დასრულდება, ეს შეთანხმება გვახსენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია
ლიბანი და ისრაელი დათანხმდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ხვალ შევა ძალაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარტნიორობისთვის ამ შეთანხმების მიღწევაში. ის ძალაში როდესაც შევა, ბრძოლა დასრულდება. ეს წინადადება შექმნილია საომარი მოქმედებების მუდმივი შეწყვეტისთვის. წინადადება მიზნად ისახავს „ჰეზბოლასთან“ საომარი მოქმედებების 60-დღიანი შეწყვეტის მიღწევას, რაც შეიძლება გახდეს ხანგრძლივი ზავის საფუძველი“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა“ თუ დაარღვევს შეთანხმებას, ისრაელს ექნება თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
„ომის დაწყებიდან 70 000-ზე მეტი ისრაელელი იძულებული გახდა, გამხდარიყო ლტოლვილი, 300 000-ზე მეტი ლიბანელი ასევე იძულებული გახდა, ლტოლვილი გამხდარიყო. ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი კონფლიქტი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღევანდელი განცხადება გადამწყვეტი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
„ეს გვახსენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მუშაობას.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა.