ჯიქია - ფულის გამო ისეთები გამოჩდნენ, რომლებიც ჩემს ოჯახს აფხაზეთიდან იცნობდნენ
მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანმა და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ ტელეკომპანია „როსია 24“-ში სტუმრობისას გაიხსენა, რომ პრემიერლიგაში გადასვლისა და ხელფასის გაზრდის პარალელურად, მის ცხოვრებაში ბევრი ისეთი ნაცნობი დაბრუნდა, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობა არ ჰქონდა.
„მოდიან და მეუბნებიან, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და ერთად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი თუ შვიდი წლის განმავლობაში მათ შესახებ არაფერი მსმენია. იყო ზარები მათგან, ვისთანაც ჩემს ოჯახს ურთიერთობა აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ 20-30 წლის განმავლობაში არ ჰქონია. მშობლებს ერთხელ უთხრეს, „გახსოვთ, ჩვენ იქ ვცხოვრობდით. რესტორნის გახსნა გვინდა და შენი შვილი ჩვენს გვერდით არ დადგება?“ ისეთ თანხას ითხოვდნენ და ისეთი რესტორანის გახსნა მოინდომეს, რომლის მსგავსი ძვირადღირებული რესტორანიც მოსკოვში არ მეგულება. მოსულან და უთხოვიათ, მომეცი 20 ათასი და ზეგ დაგიბრუნებო. ბევრი ასეთი ისტორიაა“ – თქვა ჯიკიამ ტელეკომპანია „როსია 24“-ში.
გიორგი ჯიქიას მშობლები სოხუმის მკვიდრი ქართველები არიან. როდესაც გიორგიზე დედა ფეხმძიმედ იყო, ოჯახი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიურ მხარე რეგიონში საომარი მოქმედებების გამო და მოსკოვში დასახლებულიყო, სადაც გიორგი დაიბადა. მალე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ბალაშიხაში გადავიდა. იქ, 6 წლის ასაკში, ფეხბურთის თამაში დაიწყო.
თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგის პერმის „ამკარში“. 2016 წლის 26 დეკემბერს კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის „სპარტაკთან“. ამჟამად გუნდის კაპიტანია. ჯიქიას ჰქონდა არჩევანი, ეთამაშა რუსეთის ან საქართველოს ეროვნულ ნაკრებებში, მაგრამ საბოლოოდ რუსეთის გუნდში გამოსვლა გადაწყვიტა, რომლის ფორმითაც 2017 წლიდან მოყოლებული 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.