ჯიმ რიში – მივესალმები ტრამპის ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაასაჯაროონ უცხოური დაფინანსება, ჩვენ უნდა მივყვეთ თანხებს, დასამალი თუ არაფერია, მაშინ რატომ არის წინააღმდეგობა?
მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაასაჯაროონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რიში აღნიშნავს, თავადაც მუშაობს, რათა უნივერსიტეტებმა უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე გახადონ.
„მე დიდი ხანია, ვმუშაობ, რათა უნივერსიტეტებმა უფრო გამჭვირვალე გახადონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ თანხებს. დასამალი თუ არაფერია, მაშინ რატომ არის წინააღმდეგობა? მე მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს“, – წერს ჯიმ რიში.
დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ბრძანების მიხედვით, აშშ-ის განათლების მდივანმა უნდა უზრუნველყოს ამერიკელი ხალხისთვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომა, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტებს მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ უფრო კონკრეტული დეტალები უცხოური დაფინანსების შესახებ, მათ შორის, თანხების რეალური წყარო და მიზანი.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, „მისი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დაასრულონ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება, დაიცვან იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და ამერიკელი სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“.
I’ve long worked to make universities more transparent about which foreign countries are funding their research and programs. We need to follow the money! If there is nothing to hide, then why the opposition? I applaud President Trump for his executive order that will force…
— Senate Foreign Relations Committee Chairman (@SenateForeign) April 24, 2025