ჯეიმს ვებმა ორიონის ნისლეულის შუაგულში ჩაიხედა — ხედი შთამბეჭდავია #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა ორიონის ნისლეულის შუაგულში ჩაიხედა — ხედი შთამბეჭდავია #1tvმეცნიერება

ორიონის ნისლეული ცის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი რეგიონია.

მდებარეობს ორიონის ნისლეულის შუაგულში, ვარსკვლავებს შორის და იმდენად დიდია, კაშკაშაა და ახლოს არის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს: ღრუბლის ვრცელი კომპლექსი, რომელშიც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.

მდებარეობს შედარებით ახლოს, 1344 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნეს ცაზე დაკვირვებებისთვის, ვარსკვლავთა წარმოქმნის უკეთ შესწავლის მიზნით. ნისლეული ოფიციალურად 1610 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ აქტიური დაკვირვებების საგანია, მაგრამ მის ყველა საიდუმლოს ფარდა ჯერ არ ახდია.

ამჯერად, ორიონის ნისლეულის შუაგულში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრმა კოსმოსურმა ტელესკოპმა შეიხედა.

ასტრონომთა განცხადებით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინსტრუმენტ NIRCam-ის მიერ გადაღებული ახალი ფოტო ყველაზე დეტალური და მკაფიოა, რაც კი ოდესმე გვინახავს. ანალიზები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ გალაქტიკის ამ გასაოცარი ნაწილის შესახებ რაღაც ახალს და მომაჯადოებელს შევიტყობთ.

„გაოგნებული ვართ ორიონის ნისლეულის თვალწარმტაცი სურათებით. ეს პროექტი 2017 წელს დავიწყეთ და ამ მონაცემების მიღებას ხუთ წელიწადზე მეტხანს ველოდებოდით. ახალი დაკვირვებები უკეთეს ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, როგორ გარდაქმნიან მასიური ვარსკვლავები გაზისა და მტვრის იმ ღრუბელს, რომელშიც ისინი იბადებიან“, – ამბობს კანადის დასავლეთის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ელს პიტერსი.

მისი განცხადებით, ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავები დიდი ოდენობით ულტრაიისფერ რადიაციას გამოყოფენ ჯერ კიდევ მათ გარშემო არსებულ მშობლიურ ღრუბელში, რაც ცვლის ღრუბლის ფიზიკურ ფორმას და ქიმიურ შემადგენლობას. თუმცა, ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი, ზუსტად როგორ მუშაობს ეს პროცესი და კიდევ რა გავლენას ახდენს ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმაციაზე.

ვარსკვლავების ფორმაცია ძლიერ გაზოვანი, მტვრიანი პროცესია. ჩვილი ვარსკვლავები მტვრისა და გაზის იმ გროვებში იბადებიან, რომლებიც საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდებიან და იწყებენ გარშემო არსებული ღრუბლის მატერიის აკუმულირებას, ვარსკვლავის ბრუნვის შედეგად კი წარმოიქმნება დისკო.

ამ პროცესის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ხილვა ძალიან ძნელია. მთელი ეს გაზი და მტვერი ბლოკავს სინათლეს, რომელიც უნდა გვიჩვენებდეს, რა ხდება შიგნით.

თუმცა, ინფრაწითელი სინათლის უფრო გრძელ ტალღის სიგრძეებს — დიაპაზონი, რომელშიც ჯეიმს ვები ხედავს სამყაროს, შეუძლია გააღწიოს მტვერში, რაც იმ რეგიონების ხედს გვთავაზობს, რომელთა დანახვაც შეუძლებელი იქნებოდა უფრო მოკლე ტალღის სიგრძეებში, მაგალითად, ხილულ სპექტრში.

გამომდინარე აქედან, მეცნიერებს ძლიერ სურდათ ჯეიმს ვების გამოყენება, რათა ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესის შესახებ ახალი დეტალები გაერკვიათ.

ახალი სურათი ფოკუსირებულია სტრუქტურაზე, რომელსაც ორიონის ბარს უწოდებენ და ვრცელდება დიაგონალურად, ზედა მარცხენა ნაწილიდან ქვედა მარჯვენა ნაწილისკენ. ახალგაზრდა, ცხელი ვარსკვლავების გროვის, სახელად ტრაპეციის გროვის სინათლე სცენას ზედა მარჯვენა კუთხიდან ანათებს; ეს სასტიკი, იონიზებული ულტრაიისფერი სინათლე ბარს ნელა „ჭამს“.

საქმეში ჩართულია კიდევ ერთი პროცესი, რომელსაც ასტრონომები უკუკავშირს უწოდებენ — ვარსკვლავური ობიექტის ქარი ან რადიაცია მატერიას წინ „მიერეკება“, რის გამოც ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა მცირდება ან ჩაიხშობა. მოლეკულურ ღრუბელში ისინი ასევე წარმოქმნიან კომპლექსურ ფორმებსა და სტრუქტურებს, მათ შორის ფილამენტებსა და სიღრუეებს; ახალ სურათზე ორივე მათგანი ჩანს.

ფოტოზე ასახულ სხვა ობიექტებს შორის არის გლობულები (მატერიის მკვრივი გროვები, რომელთა შიგნითაც ჩვილი ვარსკვლავია მოქცეული) ახალგაზრდა მზარდი ვარსკვლავი გარშემო მატერიის დისკოთი. ამ დისკოს ტრაპეციის ვარსკვლავებიდან მომდინარე რადიაცია აორთქლებს. ორიონის ნისლეულში აღმოჩენილია დაახლოებით 180 ასეთი ობიექტი, რომლებსაც პროპლიდებს უწოდებენ.

ფოტოზე გამოსახულ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს θ2 ორიონი A ეწოდება და არის ტრაპეციის გროვის გვერდით მდებარე მრავალვარსკვლავიანი სისტემის ერთ-ერთი წევრი. საინტერესოა, რომ თავად θ2 ორიონი A თავად სამვარსკვლავიანი სისტემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ვების ფოტოზე ძლიერ კაშკაშად ჩანს, θ2 ორიონი A შეუიარაღებელი თვალით დედამიწის მხოლოდ იმ რეგიონებიდან ჩანს, რომლებიც სინათლით ძლიერ დაბინძურებული არ არის. თუმცა, ის ძლიერ ცხელია, 100 000-ჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე მზე.

მისი სინათლე გარშემო არსებული მტვრისგან აისხლიტება და წარმოიქმნება საკმაოდ წითელი ნათება.

„მკაფიოდ ვხედავთ რამდენიმე მკვრივ ფილამენტს. ეს ფილამენტური სტრუქტურები შეიძლება ხელს უწყობდეს ახალი თაობის ვარსკვლავებს მტვრისა და გაზის ღრუბლის ყველაზე ღრმა რეგიონებში. ასევე ჩანს უკვე წარმოქმნის პროცესში მყოფი ვარსკვლავური სისტემებიც“, — ამბობს საფრანგეთის კოსმოსური ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტრონომი ოლივერ ბერნე.

მისივე განცხადებით, ამ აპკში ასევე ჩანს ახალგაზრდა ვარსკვლავები მტვრისა და გაზის დისკოებით, რომლებისგანაც პლანეტები იბადებიან. მკაფიოდ ჩანს ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა ძლიერი რადიაციისა და ქარების მიერ გაჭრილი პატარა სიღრუეებიც.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უფრო ღრმა ანალიზები გაცილებით მეტს გვეტყვის იმ მრავალი და ცვალებადი პროცესების შესახებ, რომლებიც ამ ფოტოზე ჩანს. მიჩნეულია, რომ ჩვენი მზის სისტემაც ორიონის ნისლეულის მსგავს გარემოში დაიბადა; შესაბამისად, სამომავლო კვლევებმა შეიძლება ძალიან ბევრი ცნობა მოგვცეს ჩვენი მზის დაბადების შესახებ, ასევე იმ ვარსკვლავური მტვრის შესახებ, რომლისგანაც დედამიწა და სისტემის ყველა სხვა პლანეტა წარმოიქმნა.

ფოტოები სრული რეზოლუციით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.