ჯეიმს აპატურაი - სირიის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციას, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი რეგიონებია
ჯეიმს აპატურაი - სირიის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციას, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი რეგიონებია

ნატო-ს და მისი მოკავშირეების პოზიცია ნათელი, მკაფიო და მყარია – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა,  ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.

მისი თქმით, სირიის გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ვერ იქონიებს გავლენას საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციაზე.

„სირიაში მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეცვლის და ვერ იქონიებს გავლენას საერთაშორისო საზოგადოების მყარ პოზიციაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელია რეგიონებია.

ნატო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“, – განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .