ჯეიმს აპატურაი - ქართველების შესახებ რამე თუ ვისწავლე, ესაა შეუპოვრობა, ქართველებო, არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა, რომ გახდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი
ჯეიმს აპატურაი - ქართველების შესახებ რამე თუ ვისწავლე, ესაა შეუპოვრობა, ქართველებო, არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა, რომ გახდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი

ქართველები იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლა. რამე თუ ვისწავლე ქართველების შესახებ, ესაა შეუპოვრობა, ქართველებო არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა, ვიდრე საწადელს არ მიაღწევთ, რომ გახდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსთვის და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი ჯილდოა, რაც ოდესმე მიუღია“.

„ეს უდიდესი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია და სავარაუდოდ ასეც დარჩება. ამას ვიღებ არამხოლოდ ჩემი, არამედ ნატო-ს სახელითაც. ჩემი კოლეგების სახელით აქ და ყველგან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოსთვის. მსურს ხაზი გავუსვა სამ მიმართულებას. პირველი, არის რომ ძალიან მადლობელი ვარ. მეორე – თუ რამხელა პროგრესს მიაღწია ამ ქვეყანამ, რადგანაც ვასრულებ ჩემს ვადას, ვიხედები უკან, თუ როგორი იყო საქართველო, როდესაც პირველად ჩამოვედი. ეს იყო შესანიშნავი ვიზიტი ჩვეულებრივი დიპლომატის რანგში. მოვინახულეთ მთები, დავლიეთ, ვიმოგზაურეთ ავტომობილით. მაშინ გავაცნობიერე, როგორი მხიარულებაა აქ ყოფნა. შემდეგ მე ასევე გავაცნობიერე, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობამ ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა, რომ იყოს დასავლეთის ნაწილი. ეს დავინახე პირველივე დღეს და ახლაც ვხედავ. ასევე ცხადად ვხედავ, რომ საქართველო კონკრეტულად და არსებითად გადაადგილდა ნატო-სა და ნატო-ს წევრობისკენ. ვიცი, რომ ხანდახან არის მოსაზრება, რომ ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ მივიღებთ ამას და არაფერი ხდება, მაგრამ როდესაც დღეს საქართველოს ვხედავ, ეს არის მაღალპროფესიული შეიარაღებული ძალები, გაწვრთნილი, გამოცდილი, პროფესიონალური, თავსებადი, კარგად ფუნქციონირებადი თავდაცვის სამინისტრო, კარგად ფუნქციონირებადი სადაზვერვო სამსახური. ვხედავ ნატო-ს ობიექტებს საქართველოში, ყოველდღიურ წვრთნას, ინსტიტუციების მშენებლობას ყოველდღიურად, ამერიკულ ძალებს, ნატო-ს წვრთნებს, ნატო-ს ხომალდებს პორტებში. ეს ხდება ყოველდღიურად. საქართველოს ძალები ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენ ძალებთან, ძლიერდებიან, რომ დაიცვან ამ ქვეყნის ტერიტორია, ეხმარებიან საქართველოს ნატო-სკენ სვლაში. ასევე, ჩვენთან ერთად ქართველები თავად მოქმედებენ, რომ იმოძრაონ ალიანსის დემოკრატიული სტანდარტების მიმართულებით. ეს ხდება და მე მაქვს შეგრძნება, რომ ცვლილება მოხდა, ხდება და კვლავ მოხდება. ამას მხარს დავუჭერ. მესამე არის, ის თუ რამდენად აღფრთოვანებული ვარ და პატივს ვცემ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მარტივი იქნება განსხვავებული გზით სვლა, მარტივი გზით სვლა, რომ მოგვარდეს უსაფრთხოების გამოწვევები ამ რეგიონში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიამ.

მისი თქმით, ქართველები იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს და სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ქართველები იზიარებენ ჩვენ ღირებულებებს, სურთ ევროკავშირში და ნატო-ში შესვლა და თუ რამე ვისწავლე ქართველების შესახებ, ესაა შეუპოვრობა. ქართველებო არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა, ვიდრე საწადელს არ მიაღწევთ, რომ გახდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი, არამხოლოდ საერთო ღირებულებების კუთხით, არამედ ინსტიტუტების კუთხითაც. გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. ამის მჯერა. მჯერა, რომ საქართველოს სახლი ჩვენთან ერთადაა. თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენ ვართ თქვენი ოჯახის ნაწილი.

დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნატო გააგრძელებს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იყოთ დაცული, გქონდეთ ტერიტორიული მთლიანობა და იმოძრაოთ ნატო-სკენ და ნატო-ს კარის გავლით. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მისიას ასრულებს და მუშაობს გააგრძელებს ნატო-ს გენმდივნის წარმომადგენლად კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

დატოვე კომენტარი