სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯეიმს აპატურაი მეთერთმეტე წელია, პირადი წარმომადგენელია ნატო-ს გენერალური მდივნის და კურირებს რეგიონს.

„პრაქტიკულად მეთერთმეტე წელია, ამ პოზიციაზე, როგორც პირადი წარმომადგენელი ნატო-ს გენმდივნის, კურირებს ჩვენ რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს ნატო-ს სტრუქტურებში და ის არის საქართველოს მეგობარი. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლისთავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ამ წლებში ნატო-სთან მიმართულებით, რომელიც არის სერიოზული წარმატების გზა, ჩვენ ვნახეთ ბოლოს სამიტზე როგორ არის აღიარებული ჩვენი ეს წარმატებული გზა და რამდენად შორის ვართ მისული მისწრაფების მიმართ, რაც არის ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფება – გაწევრიანება ნატო-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ გზაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯეიმს აპატურაიმ იმ კუთხით, რომ გაჩნდა ნდობა საქართველოს მიმართ.

„საქართველოში ჩატარდა არაერთი წვრთნა, რომელმაც ჩვენი სტანდარტების ამაღლებისთვის, თავსებადობისთვის დიდი როლი შეასრულა. ჩვენ თუ დღეს ვართ ძალიან ახლოს, ღია კართან და ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფა, რადგან კარები, კარები არის, გაწევრიანება, გაწევრიანებაა, მთავარია, ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობა. ძალიან ბევრი დარგია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და ყველა დარგში თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილი უსაფრთხოების განცდას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვისაც.

დღეს არა მხოლოდ მადლობას ვუხდით აპატურაის მეგობრობისთვის, არამედ ვთხოვთ, დარჩეს ჩვენს მეგობრად და ვიცით, რომ ამ თხოვნაზე პასუხი იქნება დადებითი.

თქვენ ახლა ჩაიბარებთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ჰიბრიდული ომის, კიბერუსაფრთხოების საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ ნატო-ს ყველა წევრისთვის, წარმოადგენს ახალ გამოწვევას და ამის წინაშე ჩვენ ვართ ერთნი. ძნელია, განასხვავო ამ გამოწვევის წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყანა. ამ გამოწვევებს ერთად უნდა დავხვდეთ ძლიერად. ამ ახალ ეპოქაში, გვაქვს დიდი იმედი და მადლობელი ვართ, ვიცით, რომ ბრიუსელში გვეყოლება ისეთივე მეგობარი, როგორც იყო აქამდე დღევანდელ თანამშრომლობაში. მინდა, გისურვოთ ახალ თანამდებობაზე დიდი წარმატება, რადგან ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გვქონდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მისიას ასრულებს და მუშაობს გააგრძელებს ნატო-ს გენმდივნის წარმომადგენლად კიბერუსაფრთხოების საკითხებში.