ჯეფრი საქსი – ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მოვისმინე რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

00:49, 02.07.2026

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია. მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენ შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში „იმედი LIVE“  განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ჯეფრი საქსს ჰკითხა; „უსაფრთხოების ძველი არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. როგორ დაახასიათებდით ამჟამინდელ საერთაშორისო ურთიერთობებს და საქართველოს ძალისხმევას, განავითაროს მრავალვექტორული დიპლომატია? ვიცით, რომ შეხვდით პრემიერ-მინისტრს და გქონდათ შესაძლებლობა განგეხილათ მმართველი პარტიის ხედვა“.

როგორც ჯეფრი საქსმა აღნიშნა, ამ ძალიან რთულ რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა თავიდან არის ჩამოსაყალიბებელი.

მისივე თქმით, ცვალებად მოცემულობაში ვართ, თანაც არამარტო უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზით.

„ერთ დროს, 20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა გეგმა, რომელიც გულისხმობდა ნატო-ს გაფართოებას, ნატო გაფართოვდებოდა უკრაინაში, საქართველოში. აშშ-ში მიაჩნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებდნენ. ყველა ეს მოსაზრება მცდარია და გეტყვით, რატომ. პირველ რიგში, რუსეთმა განაცხადა უარი უკრაინასა და საქართველოში ნატო-ს გაფართოებაზე. სიმართლე გითხრათ, ეს გასაგებია, შეიძლება არა იმდენად უკრაინის და საქართველოს თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთის გადასახედიდან ნათელია, ვინაიდან რუსეთი თუ ერთ დღეს გამოაცხადებს, რომ მექსიკაში, გნებავთ კანადაში საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსებას აპირებს, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გაბრაზდება. მათ არ სურთ რუსული სამხედრო ბაზები ამერიკის შეერთებული შტატების სიახლოვეს. მე მჯერა, რომ არც აშშ-ს უნდა ჰქონდეს ამერიკული სამხედრო ალიანსები რუსეთის სიახლოვეს, რადგან მეტად საშიშია დიდ ძალებს შორის ასეთი დაპირისპირება. ამავე დროს, გვაქვს კიდევ ერთი დიდი ცვლილება, 20 წლის წინ უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში ამერიკელ ლიდერებს, მიაჩნდათ, რომ ყოვლისშემძლე, ერთადერთი სუპერსახელმწიფო იყვნენ, რუსეთი დასუსტებული იყო, ხოლო ჩინეთს, მართალია, დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავდა, მაგრამ არცთუ ისეთი ძლიერი იყო. დღეს ასე ფიქრი აღარავის შეუძლია. საინტერესოა, რას გვეუბნება ამჟამინდელი მოცემულობა: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დიდი ძალები ერთმანეთს პირდაპირ არ დაუპირისპირდნენ“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

მისივე თქმით, ამგვარი არქიტექტურა ამჟამად არ არსებობს, უკრაინაში ომი ისევ მეტად საშიშია.

„ჩემი აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომი საშიშია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უკან დახევა სურს, ევროპელები აცხადებენ, რომ უკრაინას ბოლომდე დაიცავენ. რიტორიკა, ესკალაცია რუსეთსა და ევროპას შორის საშიშ ხარისხს იძენს. ვითარება მეტად დაძაბულია, ვინაიდან, ბრიტანული, ფრანგული და გერმანული მხარდაჭერით, უკრაინა სამხედრო დრონებს მოსკოვს უმიზნებს. ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს. ზელენსკი უფრო და უფრო უმატებს ესკალაციას საკუთარი რიტორიკით და რუსეთი საპასუხოდ ძალიან ძლიერად დაარტყამს. მე მაშინებს ევროპის მიერ გამოყენებული ესკალაციის ენა. მიმაჩნია, რომ ეს რეალობას აცდენილია, ისევე როგორც ამერიკული თვალსაზრისი, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლიათ. რუსეთი ისე არ ჩამოიქცევა, როგორც ევროპელ ლიდერებს ჰგონიათ. საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი. ეს ეხება როგორც ევროპასა და რუსეთს, რომელთა შორის დიპლომატია გამქრალია, ასევე თქვენს რეგიონს, ბევრისთვის საყვარელ და ძალიან რთულ რეგიონს.

დიპლომატია აუცილებელია სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის. მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანება ძალიან ცუდი, მეტად პროვოკაციული იდეაა. აუცილებელია განსხვავებული უსაფრთხოების არქიტექტურის მოძიება. ისეთის, რომელიც გამორიცხავს დიდ ძალებს შორის დაპირისპირებას რეგიონში, რომელიც არ მოიცავს ამერიკული ან რუსული მხარის არჩევას და საპირისპირო მხარესთან დაპირისპირებას. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს შესანიშნავად ესმის. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენ შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ მარტივი მოცემულობა, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ გამოწვევების აღმოფხვრა ჯადოსნური გზით არ მოხდება, ევროპა ვერავის გადაარჩენს, ვერც აშშ იხსნის ვითარებას. ეს მოგვარდება მხოლოდ რეგიონში მდებარე სახელმწიფოებს – საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებით, შესაბამისი გამოსავლის მოძიებით. თავისთავად, სხვა დიდი მეზობელი სახელმწიფოების, ირანის და თურქეთის მონაწილეობით. სწორედ ეს გახლავთ მიდგომა, რომელსაც მე დავუჭერდი მხარს“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

მსგავსი