ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულთა საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის ორი თანამშრომლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ბრალდებულებს, დიმიტრი დევდარიანს და გიორგი ბიჩინაშვილს უკვე აქვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული. ისინი აპრილში დააკავეს.
საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. კანონმდებლობის მიხედვით, ნაფიც მსაჯულებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეების განხილვა შეუძლიათ.
დღევანდელ სხდომაზე, მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით მსჯელობის შემდეგ, მოსამართლე დაკავებულებს ჰკითხავს, ხომ არ სურთ, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განმარტა, არ არის გამორიცხული, დაკავებულები ამ შეთავაზებას დათანხმდნენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ ინარჩუნებს დუმილის უფლებას. მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება დაზუსტდა. არ შეცვლილა ფაქტობრივი გარემოებები. ჩვენი გავლილი კონსულტაციის მიხედვით, ველოდები რომ ის აირჩევს ნაფიც მსაჯულებს. დიმიტრი დევდარიანი ორჯერ იყო დაკითხული გამოძიების ფარგლებში. მას კონკრეტულ ფაქტზე დეტალურად აქვს მიცემული ჩვენება, მისთვის ცნობილი არაა ის ფაქტი, რასაც ედავებიან. ვინ ვის რას ავალებდა, ამის თაობაზე არ ფლობს ის ინფორმაციას“, – აცხადებს დავით ჭიკაიძე.
გიორგი ბიჩინაშვილის ადვოკატი უშანგი მგელაძე აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
„ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ, სასამართლო განიხილავს კიდევ რამდენიმე ორგანიზაციულ საკითხს. ეს არის საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე გადაცემის საკითხი, ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ძალაში დატოვების საკითხი. ასევე ვიმსჯელებთ მტკიცებულებების დასაშვებობაზე. ვნახოთ, მხარეები რაზე შევთანხმდებით“, – აცხადებს უშანგი მგელაძე.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებით უწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.