ჯანი ინფანტინო – ირანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ვანკუვერში, ფიფა-ს 76-ე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ირანის საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
„დავიწყოთ პირდაპირ ამ თემით. თუ ვინმეს სურს, რომ სხვა რამე ვთქვა, მათთვის მკაფიოდ აღვნიშნავ – ირანი აუცილებლად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე და საკუთარ მატჩებს აშშ-ში ჩაატარებს. მიზეზი მარტივია – ჩვენი მიზანია ხალხის გაერთიანება. ფეხბურთი სწორედ ის სპორტია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს“, – აღნიშნა ინფანტინომ
ირანის ნაკრების მუნდიალზე მონაწილეობის საკითხი ეჭვქვეშ იდგა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო. ირანი მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია.