ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაეწერა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაეწერა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ერთი მოქალაქე  „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა მოთავსებული, ერთი – „ამტელ ჰოსპიტალსში“, ხოლო ორი ინგოროყვას კლინიკაში.

ამასთან, ჰოსპიტალიზებულთაგან ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. კლინიკებში სამი მოქალაქე რჩება.

უწყების ცნობით, „ამტელ ჰოსპიტალსშიგადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

აქციის დაშლისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ, ასევე რუსთაველის გამზირიდან აქციის ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გადაიყვანა.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.

დატოვე კომენტარი