ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - კორონავირუსის პანდემიას პოლიტიკურ ფეხბურთად ნუ გადააქცევთ
ნუ გადააქცევთ „კოვიდ-19“-ის პანდემიას „პოლიტიკურ ფეხბურთად“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ამ განცხადებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა.
რობერტ რედფილდმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ისგან დასაცავად პირბადე შესაძლოა, ვაქცინაზე უფრო ეფექტიანი იყოს. მოგვიანებით რედფილდის განცხადებაზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რედფილდი უბრალოდ დაიბნა და ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წელს იქნება.
„მნიშვნელოვანია, გვქონდეს თანმიმდევრული გზავნილები ყველა დონეზე, არა მხოლოდ რომელიმე ქვეყანაში, ან რომელიმე უწყებაში; თანმიმდევრული გზავნილების გაცვლა მეცნიერებასა და მთავრობას შორის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ამასთან, რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მეცნიერება რთული რამეა, რადგან მუდმივად ჩნდება ახალი მონაცემები და ახალი მტკიცებულებები.
„მნიშვნელოვანია, მთავრობებმა, სამეცნიერო ინსტიტუტებმა ნაბიჯი უკან გადადგან, გადახედონ მტკიცებულებებს და მიაწოდონ ყოვლისმომცველი, მარტივად გასაგები ინფორმაცია, რათა ადამიანებმა შესაბამისი ქმედებების განხორციელება შეძლონ. გასაგებია დაბნეულობა, გასაგებია მათი შფოთვა და შიშები. არ არის საჭირო ამაზე სიცილი და ამის პოლიტიკურ ფეხბურთად გადაქცევა“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.